„ფაინენშალ თაიმსი“ - ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო
„ფაინენშალ თაიმსი“ - ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად ხანგრძლივი ბრძოლა მოიგო, – ამის შესახებ სტატიას „ფაინენშალ თაიმსი“ აქვეყნებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ ბანკი შეიძლება აიძულონ, გადაიხადოს 500 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ბანკის ადგილობრივი სადაზღვევო შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დავა „კრედიტ სუის​თან“ 2011 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. მათივე ცნობით, სწორედ მაშინ გაჩნდა დეტალები, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში „კრედიტ სუისის“ კერძო ბანკირი პატრის ლესკადრონი თაღლითობდა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით.

„შვეიცარიული მარეგულირებელი „ფინმას“ საქმის მამხილებელმა ანგარიშმა, რომელიც უნებლიედ გამოქვეყნდა გასული წლის თებერვალში, აღმოაჩინა განმეორებითი გამაფრთხილებელი ნიშნები, ასობით საეჭვო ტრანზაქციის მტკიცებულება, ოთხი ფორმალური დისციპლინური სამართალწარმოება „კრედიტ სუისმა“ არ მიიღო“, – აღნიშნულია „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა შვეიცარიაში და უჩივლა „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას. „კრედიტ სუისი“ დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ზემდგომებისა და კოლეგებისგან თავისი უკანონო საქმიანობის დასამალად. თავად პატრის ლესკადრონი 2018 წელს სისხლის სამართლის წესით გასამართლდა და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.​ ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო.