„მრეწვრკინიგზამ“ 2011 წელს ჩამორთმეულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო
„მრეწვრკინიგზამ“ 2011 წელს ჩამორთმეულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო

სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზამ“ სამგორის რაიონში მდებარე საკუთარ, მილიონზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს.

„მრეწვრკინიგზის“ დავასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა 2021 წლის 18 მარტს რეპორტაჟი მოამზადა. კომპანიის დირექტორის, ბესო შენგელიას თქმით, საკუთრება 2011 წლის მაისში, წინა ხელისუფლების ძალოვანმა მაღალჩინოსნებმა ძალის გამოყენებით, იძულებით დაათმობინეს (47.900 კვ.მ. მიწა სამგორის რაიონში, თავისი სალიანდაგო მეურნეობით და შენობა-ნაგებობებით, ასევე ლილოში 10 420 და 6 448 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები). ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კომპანიის დირექტორმა პროკურატურას მიმართა და იძულებით ჩამორთმეული ქონების საქმის გამოძიება მოითხოვა. კომპანიის მფლობელებს მოქმედ ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ პრეტენზია, რომ მათ წინა ხელისუფლების მიერ იძულებით ჩამორთმეულ კერძო საკუთრებას არ უბრუნებდნენ. ქონება დღემდე თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

როგორც სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზის“ დირექტორი ბესო შენგელია ამბობს, სიმართლე მათ მხარეს იყო და სასამართლოსგან ელოდნენ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა სამართლიანობის აღდგენაში ადვოკატებმა და მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

„მედია მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვერ ხერხდება ასეთი საქმეების გასაჯაროება და საზოგადოებამდე მიტანა. პირველ არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმაც სხვანაირად შეხედეს ამ პრობლემას და შეარბილეს პოზიცია ჩვენი, როგორც დაზარალებულის მიმართ“-აცხადებს ბესო შენგელია.

მოპასუხე მხარეს – ეკონომიკის სამინისტროს და თბილისის მერიას გადაწყვეტილი არ აქვთ, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც მერიაში განაცხადეს, გადაწყვეტილებას დასაბუთებული ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ, რომელიც ჯერ არ ჩაბარებიათ.