მაიკ პომპეო - საქართველოს გვერდით ვართ და ვგმობთ რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ინსტიტუტებზე
მაიკ პომპეო - საქართველოს გვერდით ვართ და ვგმობთ რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ინსტიტუტებზე

ამერიკის შეერთებული შტატების გმობს რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ინსტიტუტებზე. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ასე მოქცევა საქართველოში და ნებისმიერ ადგილას. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული“, – წერს მაიკ პომპეო „ტვიტერში“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მისი სახელით გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების ბმულსაც ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.