მაიამიში დასრულდა უმაღლესი კატეგორიის (Premier Mandatory) ტურნირი ქალებს შორის, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა სლოან სტივენსმა მოიგო. ფინალში მან ორ სეტში დაამარცხა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო – 7:6(5), 6:1.
ჩოგბურთელებს ამ შეხვედრაში 8-8 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. სტივენსმა შვიდი შანსი გამოიყენა, ოსტაპენკომ – ხუთი. პირველ სეტში რვა ბრეიკი დაფიქსირდა. ამერიკელი ოთხჯერ გავიდა წინ ბრეიკით და ლატვიელმა ოთხივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც თავიდანვე წინ სტივენსი გავიდა და 6:2-ზე ოთხმაგი სეტბოლი მოიპოვა.
ოსტაპენკომ გაიბრძოლა, სამი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხე ცდაზე მასპინძელმა ჩოგბურთელმა მაინც მიაღწია მიზანს.
მეორე სეტი ოსტაპენკოს ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ სტივენსმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და საათსა და 32 წუთში გაიმარჯვა. ეს ამერიკელის მეექვსე ტიტულია კარიერაში და პირველი Premier Mandatory-ის კატეგორიაში. ამ ტურნირის შემდეგ, სტივენსი პირველად მოხვდება WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში.