მაია ზავრაშვილი - მთავრობას სურს, წიაღისეულის სექტორში ისეთი საინვესტიციო კლიმატი შექმნას, რომ ეს სექტორი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს
მთავრობას სურს, წიაღისეულის სექტორში ისეთი საინვესტიციო კლიმატი შექმნას, რომ ეს სექტორი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს. უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავების მიზნებისთვის სახელმწიფო სარგებლობაში არსებული ქონება გამარტივებული წესით მიიღონ. ამის შესახებ წიაღისეული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში მთავრობის მიერ შემუშავებული წიაღის რეფორმის მრავალკომპონენტიანი სტრატეგია განიხილეს, რომელიც აქცენტს ნედლი წიაღისეულის ექსპორტის ნაცვლად, გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტზე აკეთებს, რათა ქვეყანაში დამატებით ღირებულება შეიქმნას.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ეს რეფორმა უპირველეს ყოვლისა, წიაღისეულის რაც შეიძლება ეფექტურად ათვისებასა და ბიზნესისათვის გამჭვირვალე თამაშის წესების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
„ეს რეფორმის პირველი ფაზის საბოლოო პროდუქტია. რეფორმა გასულ წელს დავიწყეთ და მიზნად ისახავს, რომ წიაღის სექტორში მთავრობის ხედვა ჩამოყალიბდეს, თუ რა მიდგომით და პრინციპებით სურს ამ სექტორის განვითარება. პირველი ფაზის პროცესში აქტიურად იყო უზრუნველყოფილი კერძო სექტორის, ისევე როგორც სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ამ ფაზაზე მუშაობა სტრატეგიის პროექტით დასრულდა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დამტკიცდა. აქ საუბარია, რომ გვსურს სექტორი იმ პრინციპების მიხედვით განვავითაროთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული წიაღისეული რესურსი რაც შეიძლება ეფექტიანად ავითვისოთ და ბიზნესს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი თამაშის წესები მივცეთ. ეს არის ძირითადი ამოცანა, რაც ამ პოლიტიკის დოკუმენტით გვინდოდა გვეთქვა“, – განაცხადა ზავრიშვილმა.
მისი განმარტებით, რეფორმის სტრატეგიის დოკუმენტი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ გვინდა, ამ სექტორისთვის ისეთი საინვესტიციო კლიმატი შევქმნათ, რომ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორისთვის აქ შემოსვლა მიმზიდველი გახდეს. აქ საუბარი დამატებითი ვალდებულებების შემოღებაზე კი არ არის, პირიქით, საუბარია პრეფერენციების დაწესებაზე, შეღავათების მიცემაზე, ისეთი მოდელის ჩამოყალიბებაზე, რაც ადგილობრივ თუ უცხოელ ბიზნესს დააინტერესებს, რომ დამატებით ინფრასტრუქტურის შექმნაზე გააკეთონ აქცენტი. მაგალითად, უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რომ მოპოვებული წიაღისეულის გადამუშავების მიზნებისთვის, სახელმწიფო სარგებლობაში არსებული ქონება გამარტივებული წესით, დამატებითი აუქციონისა და სხვადასხვა ბიუროკრატული პროცედურების გარეშე მიიღოს“, – განაცხადა ზავრაშვილმა.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ბიზნესს ბიუროკრატიულ პროცედურებს ერთი ფანჯრის პრინციპიც გაუმარტივებს.
„კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტითაა განსაზღვრული, გახლავთ ზოგადად ბიზნესის პროცესების მიმართ ინტეგრირებული მიდგომა. დღეს მეწარმეს იმისთვის, რომ, მოპოვების უფლებასთან ერთად, სხვა დამატებითი ბიუროკრატული დოკუმენტები მიიღოს, მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კი არ უხდება ურთიერთობა, არამედ ბევრთან. ჩვენ ვფიქრობთ, ეს მოდელი გავამარტივოთ და ეს მიდგომა უკვე დავნერგეთ, რომ ბიზნესს გამარტივებული ერთი სარკმლის პრინციპით მოვემსახუროთ. გარდა ამისა, თითქმის ყველა ბიზნესპროცესი გადავიტანეთ ციფრულ პლატფორმაზე და ბიზნესს სახელმწიფოსთან, ბიუროკრატიასთან ურთიერთობა ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე, ონლაინ პლატფორმების საშუალებით შეეძლება“, – განუცხადა მაია ზავრაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.