წიაღის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ  რიონის ხეობაში ურანის საბადოების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
წიაღის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში ურანის საბადოების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

წიაღის ეროვნული სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადამიანებს, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, განხორციელების ხელშეშლას. წიაღის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, ავრცელებენ აღნიშნულ დეზინფორმაციას, თავი შეიკავონ გადამოუწმებელი და უსაფუძვლო ცნობების ტირაჟირებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.