მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, 10 აპრილს გამოაცხადოს
მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, 10 აპრილს გამოაცხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმის განხილვა გაიმართა. თაღლითობის მუხლით ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვის საპროცესო ვადები ობიექტ „მიონის“ ეპიზოდზე 10 აპრილს იწურება და შესაძლოა, მოსამართლემ სწორედ ამ დღეს გამოაცხადოს განაჩენი.

ამასთან, კიდევ ერთი სხდომა 8 აპრილს გაიმართება, სადაც დაგეგმილია ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის გამოკითხვა და ასევე მხარეების დასკვნითი სიტყვა. რჩეულიშვილი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა წარმოადგინა დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც ადვოკატის განცხადებით, დასტურდება, რომ „ცენტრ პოინტის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები კანონიერად იყო დახარჯული. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს მიეცა მცირე დრო იმისთვის, რომ მტკიცებულებები წარმოედგინა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ვათიაშივლის თქმით, საქმე არ შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო როგორც სისხლის სამართლის საქმე.

„გამოსავალი შესაძლოა, ყოფილიყო, რომ სასამართლოს შეექმნა ჯგუფი და კომპანიაში დაენიშნა დროებითი მმართველი, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე იმუშავებდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი კი იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს რადგან, დავით გუმბერიძის განცხადებით, საქმეში არაერთი დაზარალებულის, ექსპერტისა და ერთ-ერთი ბრალდებულის ქეთევან ჟორდანიას ჩვენებაა მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ.

რაც შეეხება საქმის მასალების გამოსაკვლევად დაცვის მხარისთვის გამოყოფილ ვადებს, პროკურორის განცხადებით, რამდენიმე სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ეს სხდომები ორივე მხარის მოთხოვნით იდებოდა, რადგან იმ პერიოდში საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.