„ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ ბავშვთა დაცვის ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულების მენეჯერი, მაია მგელიაშვილი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ამჟამად ბავშვების ბიო-ფსიქოსოციალური შეფასება ხდება.
მისივე თქმით, სოციალური მუშაკები აქტიურად მუშაობენ. მაია მგელიაშვილის განმარტებით, მეუფე სპირიდონი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს.
„ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები, რომ სოციალურ მუშაკებს ხელი შევუწყოთ მიუმხრობელი და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამჟამად მიმდინარეობს ბავშვების შეფასებები იმ მიზნით, რომ განისაზღვროს, პირველ რიგში, მათი ფსიქო-ემოციური ფონი, შემდგომ მოხდეს ასევე იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც იქნა გამოტანილი სასამართლოს მიერ. ხდება მათი ბიო-ფსიქოსოციალური შეფასებები, ამ ეტაპზე ეს პროცესები მიმდინარეობს პანსიონში. გვქონდა გასაუბრება მეუფე სპირიდონთან. ამ ეტაპზე მეუფე სპირიდონი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ აღსრულების პროცესში იღებს აქტიურ მონაწილეობას, დალოცა ბავშვები, რომლებიც უნდა გამოიყვანონ პანსიონიდან, როდესაც მოხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა.
მისივე თქმით, პირველადი დაკვირვებით, პანსიონში განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავს, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტს მის თვალწინ ადგილი არ ჰქონია.
„პირველადი დაკვირვებით, აქ განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს, რაც ბავშვთა სხვა დაწესებულებებში არ იყო, მაგრამ ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ვერც ერთ ფაქტს, ვიდრე კომპეტენტური ორგანოების მიერ არ იქნება შესაბამისი დასკვნა. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს და პირიქით, საოციალური მუშაკები მართლა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ბავშვის უფლებების დარღვევის არანაირ ფაქტს ჩემ თვალწინ ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ბოლო მოვლენების განმავლობაში პანსიონში პირველად იმყოფებოდა, ზაფხულის პერიოდში კი, როცა მისი ორგანიზაცია ბავშვთა დაწესებულებებს აფასებდა, პანსიონში ვერ მივიდა, ვინაიდან მეუფე სპირიდონი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
„ბოლო მოვლენების განმავლობაში მე ვიყავი პირველად, ჩვენ ზაფხულის პერიოდში შევაფასეთ თითქმის ყველა დაწესებულება, „ვორლდ ვიჟენი“ არის ჩემი ორგანიზაცია, პროექტი გვქონდა და გავაკეთეთ შეფასებები ამასთან დაკავშირებით, თუმცაღა იმის გამო, რომ მეუფე სპირიდონს იმ პერიოდში ჰქონდა კოვიდი, მაშინ დაწესებულებაში შესვლა ვერ მოვახერხეთ, უარი არ მიგვიღია ნამდვილად.
აქ მუშაობდა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია თავის დროზე, 2016 წელს, ვიდრე მოხდებოდა ამ დაწესებულების ლიცენზირება, მაშინ ბავშვები შეფასდა იმ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ლიცენზია მიენიჭა აღნიშნულ დაწესებულებას“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა.
მაია მგელიაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მეუფე სპირიდონმა კორონავირუსი მოიხადა, დაწესებულებაში შესვლა აღარ უცდია.
„აღარ მიცდია, ამასობაში სატელეფონო მოკვლევა განვახორციელეთ ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ გვაინტერესებდა ზრუნვის გრძელვადიანი ფორმების განსაზღვრა და ზოგადად ამ დაწესებულებების ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში მოქცევა. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში დიდი ზომის დაწესებულებები საერთოდ ვერ ჯდება, ჩემი ორგანიზაციის პოზიციაც რომ გავაჟღერო, ზოგადად იმიტომ დაიწყო ეს პროექტი 2019 წლიდან, რომ დიდი ზომის დაწესებულებები არ არის მიზანშეწონილი ბავშვთა განვითარებისთვის.
მე როგორც ვიცი, გასაყვანად მომზადებულია შვიდი ბენეფიციარი. მეუფის პოზიცია არ არის დადებითი ამ საკითხის მიმართ და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, იგი ამბობს, რომ მას არ აქვს უფლება, არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როდესაც აქ იმყოფებიან სოციალური მუშაკები 24 საათის განავლობაში და აქ ვიმყოფები მე, საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით ვარ წარმოდგენილი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დამერწმუნეთ, მათ საფრთხე არ დაემუქრებათ. ჩვენ ორგანიზაციას აქვს გეგმა, ყველა დიდი ზომის დაწესებულებას ფორმა შეეცვალოს და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებზე გადავიდეს, თუმცა ამ ბავშვებისთვის ეს ფორსირებული პროცესი მათ ინტერესებს საკმაოდ აზარალებს“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა.
საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა.
ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.
ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.