ნინო ლომჯარია - კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის პანსიონში
ნინო ლომჯარია - კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის პანსიონში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა დასრულდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით,აპირებენ, შემდეგ კვირაში ნინოწმინდის პანსიონში ერთობლივად ჩავიდნენ.

„ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა, მონიტორინგი ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ ჩასვლას.

იქედან გამომდინარე, რომ მომავალ კვირაში მე მაქვს წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, როდესაც დასრულდება მოსმენა, ამის შემდეგ, ალბათ მომავალი კვირის ბოლოს გვექნება ერთობლივი ვიზიტი. ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა“, – განაცხადა ლომჯარიამ.