მაია ცქიტიშვილი თბილისი-რუსთავის გზის პროექტზე - ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ ოპოზიციის წევრები ეხმარებიან ორკესტრირებულ პროტესტს
თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე გვაქვს პრობლემები, თუმცა ამ შემთხვევაში ეს კონტრაქტორის ბრალი არ არის, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გზის ამ მონაკვეთზე კარგი თურქული კომპანია მუშაობს, მაგრამ პროექტის განხორციელებას მიმდებარე ცხრა კორპუსში მცხოვრებლები უშლიან ხელს.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სწორედ ოპოზიციის წევრები ეხმარებიან ამ ორკესტრირებულ პროტესტს და პრობლემის მაღალ რეგისტრში გადასვლას უწყობენ ხელს. იყო აქციები, ქალბატონების, ბავშვების მონაწილეობით, რომლებიც არ აძლევდნენ კონტრაქტორს მუშაობის საშუალებას, არადა მათი კორპუსები ერთი კილომეტრითაა მოშორებული ამ გზას. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ძალადობრივი მეთოდებით ვაშენოთ პროექტები. ვცდილობთ, მოსახლეობასთან მივაღწიოთ შეთანხმებას, თუმცა დამეთანხმებით, სამწუხაროა, როცა ფონიჭალაში მცხოვრები ოჯახები 1000 დოლარის დიაპაზონში გვთხოვენ კვადრატული მეტრის ღირებულების ანაზღაურებას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოთხოვნილი კომპენსაცია არაადეკვატურია და ამას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს.
მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის დავების საბჭომ არაერთხელ შეისწავლა კორპუსების ფაქტობრივი მდგომარეობა და არსებობს დასკვნები, რომ შენობებს არაფერი ემუქრება.