მაია ცქიტიშვილი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის
მაია ცქიტიშვილი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება მიმართული, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის

თვითმმართველობის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირები თავად ადგილობრივები არიან, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენის თემაზე კომენტირებისას განაცხდა.

მისივე თქმით, პროგრამის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მექანიზმია.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დადებითი და უარყოფითი შეფასებებიც მსმენია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ის მიმართული იყო მცირეთანხიანი პროექტებისთვის. პროექტების არჩევაა საინტერესო. მათ არჩევდა თავად სოფლის მოსახლეობა, სოფლის კრების სახით. ესაა თვითმმართველობის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირები თავად ადგილობრივები არიან. პროგრამა დღესაც საინტერესოა, რადგან ინტერესი მცირე პროექტების დაფინანსების ნაწილში კვლავ არის სოფლებში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება 50 000 ლარი და მეტია, მაგრამ ხშირად სოფლებში მცირე პროექტების საჭიროებაა, როგორიცაა სკვერების მოწესრიგება, უბნის კეთილმოწყობა, სანიაღვრეების გაწმენდა, ანუ მცირე სამუშაოები, რომელიც უბნისთვისაა სასარგებლო.

„პროგრამა აღდგა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ადრე იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ბიუჯეტი 20 მილიონია. აუთვისებლობის შემთხვევაში, პროექტების სიმცირის შემთხვევაში, თანხა ისევ რეგიონული განვითარების ფონდს დაუბრუნდება. პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ. ჩვენ შევისწავლეთ პროგრამაში აქამდე დაფიქსირებული ხარვეზები“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის დეტალები საკითხის განხილვისას კიდევ უფრო დაზუსტდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა 2019 წლიდან იგეგმება.