მაია ცქიტიშვილი - სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით, 121%-ით შესრულდა
მაია ცქიტიშვილი - სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით, 121%-ით შესრულდა

პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ, სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით – 121%-ით შესრულდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყების მიერ შესრულებულ პროექტებზე საუბრისას, მინისტრის საათზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს ისტორიაში პირველად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება ორი მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი – ქუთაისის და ხაშურის შემოვლითი მაგისტრალები, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 580 კმ შიდასახელმწიფოებრივი გზას.

„ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, დასრულდა აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის და საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა, თბილისის „მზიურის“ პარკისა და ასურეთის რეაბილიტაცია“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 მოზარდისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1 000-მდე ბავშვისთვის, დასრულდა გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები და 500 დევნილ ოჯახის გადაეცა ბინები ზუგდიდსა და წყალტუბოში.