მაია ცქიტიშვილი - პრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება
მაია ცქიტიშვილი - პრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება

პრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ხელწერა, რომელიც ზოგიერთ პარტიას ჯერ კიდევ ახასიათებს.

„ეს ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. სამართალდამცველები განახორციელებენ მის სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ პოლიტიკურ შეფასებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის ის სამწუხარო ხელწერა, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგიერთ პარტიას ჯერ კიდევ ახასიათებს. როგორც ჩანს, გაყალბების გზით იყო საჭირო მხარდამჭერების სიების შეგროვება, ხელოვნურად ადამიანების მითითებით. ასე რომ, პროკურატურის გამოძიება იქნება სწრაფი და ობიექტური. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს საზოგადოებაც შესაბამის პოლიტიკურ შეფასებას მისცემს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის  პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ) მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ შედის ოპოზიციურ გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ . ამავე გაერთიანების წევრია „ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე. ამასთან, თავის მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატი მაჭუტაძის პარტიამაც დაასახელა. სწორედ მის კანდიდატ მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა მამუკა ბახტაძის გვარი და გაყალბებული ხელმოწერა.