მაია ცქიტიშვილი - ვერც ერთი ფანტაზია და ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომ არ უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“ გადასახადები
ვერც ერთი ფანტაზია და ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომ არ უნდა გადაიხადოს კომპანია „ომეგა ჯგუფმა“ პირდაპირი გადასახადები, საქმე გვაქვს გადასახადებისგან თავის არიდებასთან, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„მრჩება კითხვა, რატომ დაუგროვდა ამდენი დავალიანება „ომეგა ჯგუფს“. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამხელა დავალიანება აქვს. ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ ის პროცესი, რომელიც იყო. პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, გადავადებები, რომელიც გაკეთდა საწყის ეტაპზე, მიმართული იყო, რომ კომპანია და ადგილობრივი წარმოება ფეხზე დამდგარიყო. „ომეგა ჯგუფს“ 50 მილიონი ლარის დავალიანება აქვს. ეს არის ის თანხა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს როგორც ჩვენი სოციალური პროექტები, ჯანდაცვის პროექტები, ისე პენსიონერები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. ვერც ერთი ფანტაზია და ჩანაწერი ვერ გახდება მიზეზი, რატომ არ უნდა გადაიხადოს კომპანიამ პირდაპირი გადასახადები. საქმე გვაქვს გადასახადებისგან თავის არიდებასთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პროკურატურა იღებს გადაწყვეტილებას, უწყებაში ვინ დაიბაროს და ვინ არა.
„არავითარი ინდულგენცია და არავითარი წრე არ არსებობს იმ პირების, რომელთა დაბარება შესაძლებელია ან არა. შესაბამისად, პროკურატურა თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ვინმე ჰყავს დასაბარებელი, დაიბარებს. იმ სერიალებიდან, რომელსაც ვისმენთ, პირადად ვერ ვხედავ არც ბიძინა ივანიშვილისა და არც ბევრი დასახელებული ადამიანის დაბარების საფუძველს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.