მაია ცქიტიშვილი - მთლად საფუძვლიანი არ არის არგუმენტი, რომ ეუთო-ში ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას
ეუთო-ში ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, აქ უკვე მთლად საფუძვლიანი არგუმენტები არ დევს ,- ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
ცქიტიშვილის განმარტებით, კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერაა დაწერილი და მათ უკეთ იციან, შეესაბამება თუ არა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას.
მინისტრი ამბობს, რომ მოცემულობა ამგვარია და მნიშვნელოვანია, 2020 წელს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და გავიხსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ჩვენი კანონმდებლების შექმნილი და ჩვენმა კანონმდებლებმა ყველაზე კარგად იციან, რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში, ვინც ტექსტზე იმუშავა, ვინც იცის, რა იგულისხმებოდა უშუალოდ ამ ტექსტში და რას მისცეს ხმა. აქედან გამომდინარე, აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ეუთო-ში, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, მთლად საფუძვლიანი არგუმენტები აქ არ დევს. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაჟღერდა უკვე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან, ასევე ჩვენი პარლამენტარების პოზიციები, იმ ადამიანების, კონსტიტუციონალისტების, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კონსტიტუციის შექმნის პროცესში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.
„აქედან გამომდინარე, ეს არის მოცემულობა და ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ ამ პროცესში ეუთო, ოდირი ან ნებისმიერი სხვა ექსპერტი შემოვიყვანოთ, არის მხოლოდ ოპოზოციის მხრიდან მცდელობა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად ვაქციოთ, ვთქვათ, დაპირისპირების ელემენტები შემოვიტანოთ და საშუალება მივცეთ მათი მხრიდან აგრესიას, რომ ისულდგმულოს ამ არგუმენტებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ ეგრედ წოდებული გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა საარჩევო კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ, ასევე, მზად ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო კოდექსზე და ის შენიშვნები გავითვალისწინოთ, რაც მანამდე ჰქონდა ,ეუთო-ს, ოდირს, თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობას“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პროექტი დღესვე გაიგზავნება სახალხო დამცველთან, რომელმაც ის ეუთო-ს უნდა გადაუგზავნოს.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ეუთო-ს მხრიდან მიღებულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ.