მაია ცქიტიშვილი - მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად, ჩვენი ინტერესია, ხეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მათ შორის ენერგეტიკული პროექტებით
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა უხუცესებს, რომლებმაც მისი თქმით, ვითარების განმუხტვას შეუწყვეს ხელი.
„დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან დიდი ხნის წინ დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება. არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფორმატში, რათა ყველა შეკითხვას გასცემოდა პასუხი, მათ შორის ჰესის საჭიროებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. ინვესტორმა არაერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, გარკვეული სოციალური პროექტები განახორციელოს სპეციალური ფონდის მეშვეობით, რომელიც ადგილობრივების კეთილდღეობასა და ხეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ შეხვედრებზე ჩვენ კონსტრუქციული განწყობა დავინახეთ, ახლა კი როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფების ძალისხმევით ამ პროცესში ასეთი დაძაბულობა შემოვიდა, რასაც ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა. ამ მძიმე დღის ბოლოს მოვინახულეთ 36 პოლიციელი, რომელთაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისა და იმ უსაზღვრო მოთმინებისთვის, რაც გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, ყველას ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განსაკუთრებით კი ხეობის სპეციფიკის გათვალისწინებთ. მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად, ჩვენი ინტერესია, ხეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც სხვადასხვა სახის და მათ შორის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასაც გულისხმობს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ჰესისგან გამოწვეული საფრთხის შესახებ დასმული შეკითხვების უმეტესობა არის უსაფუძვლო და არანაირ მეცნიერულ ანალიზს არ ეფუძნება.