მაია ცქიტიშვილი - მცხეთაში მორატორიუმის გარკვეული შეზღუდვების მოხსნის საკითხს იუნესკო-ს ექსპერტებთან განვიხილავთ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმით გათვალისწინებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნის საკითხს იუნესკო-ს ექსპერტებთან ერთად განიხილავენ.
„მორატორიუმს რაც შეეხება, კულტურის სამინისტროსთან და იუნესკო-სთან ერთად გვაქვს აქტიური კონსულტაცია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია იუნესკო-ს ექსპერტების ჩამოსვლა, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, მათთან ერთად განვიხილოთ ცვლილებები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებებით მორატორიუმის გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. მისივე თქმით, ცვლილებების განხორციელება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. პირველ რიგში, ეს არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ამ ინიციატივის განხორციელებას მას შემდეგ, რაც იუნესკო-ს ექსპერტებთან კონსულტაციები დასრულდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.