მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით გაკეთებული ინვესტიციები უკვე კონკრეტული შედეგებით სრულდება
როგორც ხედავთ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით გაკეთებული ინვესტიციები უკვე კონკრეტული შედეგებით სრულდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ხაშურის შემოვლით, ახალი 13-კილომეტრიანი გზის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ გზის მშენებლობა კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და შემდგომი მონაკვეთი ჩუმათელეთი იქნება.
„ეს არის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ზემო ოსიაურის მონაკვეთს ჩუმათელეთის მონაკვეთთან აკავშირებს. მთლიანობაში გზა არის ძალიან საინტერესო, გვაქვს ორი ძალიან დიდი ხიდი, ერთ-ერთი მათგანი გამორჩეულია ყველაზე მაღალი ბურჯებით საქართველოში, თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი საინჟინრო სირთულე, არამედ უსაფრთხოება, მოძრაობის ახალი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ გზის მშენებლობას. შემდგომი მონაკვეთი იქნება უკვე ჩუმათელეთი. ჩუმათელეთიდან გზა გაგრძელდება რიკოთის მიმართულებით და 2022 წელს შევძლებთ, თბილისიდან რიკოთის მონაკვეთის გავლით ვისარგებლოთ, ასევე ვისარგებლოთ ქუთაისის მაგისტრალითა და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეორე მონაკვეთით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, 2020 წელს 46 კილომეტრი ახალი მაგისტრალი გაიხსნა და წლის ბოლომდე ეს რიცხვი 70-მდე გაიზრდება. ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2021 წელს გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზაც.
„2021 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. გაისად გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა და ასევე, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთი. წლის ბოლომდე სრულად შევძლებთ, ვისარგებლოთ ქუთაისის შემოვლითი გზით და გაისად უკვე დავამატებთ 15-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც უკვე შეუერთდება ჯაპანა – ლანჩხუთის მონაკვეთს.
2021 წელს დასრულდება დამატებით 34-კილომეტრიანი მონაკვეთის ახალი, საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა. უკვე წელს ინტენსიურ რეჟიმში შენდება საჩხერე-რაჭის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი, 51 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ორ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონს აკავშირებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შიდა ტურიზმისთვის, ასევე, რეგიონის განვითარებისთვის.
ამდენად, როგორც ხედავთ, ამ წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით გაკეთებული ინვესტიციები უკვე კონკრეტული შედეგებით სრულდება. 70 კილომეტრი არის გზის რეკორდული რაოდენობა, რომლის გახსნა ერთ წელში შევძელით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.