მაია ცქიტიშვილი - ფოთის პორტის გეგმები გაფართოებაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ გეგმებად რჩება
ფოთის პორტი არსებობდა, სანამ მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებდა, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დააფრთხობს ანაკლიის პორტის ინვესტორებს ფოთში მეორე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე საუბარი.
როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, საქართველოში უკვე არის რამდენიმე პორტი, შესაბამისად, ფოთის პორტის არსებობა სიურპრიზი არ უნდა იყოს არავისთვის, მათ შორის, არც საერთაშორისო ბანკებისთვის და არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“.
„რაც შეეხება ფოთის პორტის გეგმებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ფოთის პორტს საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია, რომ აქვთ გეგმები. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გეგმები მხოლოდ გეგმებად რჩება. ამ კონკრეტულ ნებართვად წოდებულ ბრძანებას, რომელიც არ იყო ბრძანება და იყო მიწათსარგებლობის გეგმები, ჰქონდა კონკრეტული პროცედურული ხარვეზები, მათ შორის მთავარი ხარვეზი შეეხებოდა იმას, რომ მიწათსარგებლობის პირობები გაიცა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არ წარმოადგენდა უშუალოდ ფოთის პორტის საკუთრებას, იყო სახელმწიფოს მიწა, რომელზეც სახელმწიფოს თანხმობა არ გაუცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეს საკითხი ამოწურულია. ასეთი სახით ბრძანება გაუქმებულია და სხვა განცხადებები ფოთის პორტის მხრიდან არის კვლავ განცხადებები მათი სურვილების შესახებ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 30 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა. მინისტრის თქმით, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან, მათ შორის არც მასთან და ასევე, დოკუმენტი პროცედურული დარღვევებით იყო გაცემული.