ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება  
ფოთში ახალი ნავსადგური აშენდება  

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

მერიის ინფორმაციით, აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად, უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU-ს გადამუშავება წელიწადში.

როგორც მერიაში აცხადებენ, სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ასევე დასაქმების კუთხით.

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“, – განაცხდა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.