მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის დიდი პაკეტი უკვე მოიპოვა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ამ ძალიან რთულ პერიოდში ეხმარებიან.
მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი განიხილავს საქართველოსთვის დაახლოებით 200 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება იმ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებებს და ხარჯების დაფარვას, რაც რეპიდემიასთან ბრძოლასთან უშუალოდ არის დაკავშირებული.
ცქიტიშვილის თქმით, შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ზარი პრემიერ-მინისტრსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე მის გუნდს შორის, რა დროსაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს, თუ რა თანხების გამოყოფა არის შესაძლებელი და უშუალოდ რა მიმართულებებს მოხმარდება ის.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ძალიან რთულ დროში, რომელსაც საქართველო განიცდის კოვიდის ეპიდემიიდან გამომდინარე. შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ზარი პრემიერ-მინისტრსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მის გუნდს შორის და ჩვენ გვქონდა საშუალება, კიდევ ერთხელ, ერთობლივად გვემუშავა, თუ რა თანხების გამოყოფა არის შესაძლებელი, უშუალოდ რა საკითხებს მოხმარდება.
მინდა, გითხრათ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი განიხილავს დაახლოებით 200 მილიიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას საქართველოსთვის, რომელიც მოხმარდება იმ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებებს, იმ ხარჯების დაფარვას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ეპიდემიასთან ბრძოლასთან, ასევე სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებას“ , – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილის განმარტებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან პოსტ-კრიზისული ეკონომიკის მხარდაჭერის თაობაზე უკვე ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
„ჩვენი დისკუსიის ერთ-ერთი საგანი ესეც იყო და ჩვენ, რა თქმა უნდა, განივიხილეთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი გვაძლევს, როგორც ჩვენი კერძო სექტორის დაფინანსების ნაწილში. მათ შორის, ამ ეტაპზე ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ემუშავება ჩვენს ბანკებს, რათა გამოუყოს მათ დამატებითი ფინანსური რესურსი ქართული კომპანიების დამატებითი დაფინანსებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომელიც შესაძლოა, ერთობლივად გამოვნახოთ იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე დააფინანსოს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც არის მიმართული, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ქართული ეკონომიკის სხვა სექტორების დაფინანსებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ჩვენი დიდი, ხანგრძლივი პარტნიორი და, რა თქმა უნდა, ის არის იმ საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებთანაც, როგორც იცით, უკვე მიღწეულია შეთანხმება ერთი წლის განმავლობაში, სამი მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებით გამოყოფის თაობაზე. კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩვენი პარტნიორი იქნება სახელმწიფო მხარდაჭერის ნაწილში, მილიარდ-ნახევარი დოლარის ოდენობით, ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, აქტიურად მუშაობს ჩვენი კერძო სექტორის დაფინანსებაზე. აღნიშნული პარტნიორი წარმოდგენილია ორივე სექტორში“ , – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გერმანიის განვითარების ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს.
„ესენი არიან ის დონორები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ჩვენთან ამ მილიარდნახევრიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის არის გამოყოფილი, თუმცა თითოეული ეს პარნტიორი, ისევე როგორც დამატებით ოპიკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და კიდევ მრავალ-მრავალი სხვა დამფინანსებელი ჰყავს ჩვენს კერძო სექტორს და სწორედ ჩვენი პარტნიორების, მეგობრების ასეთი მხარდაჭერით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთი ძალიან დიდი პაკეტი საერთაშორისო მხარდაჭერის უკვე მოიპოვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და უახლესი ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვერევით ეპიდემიას, უკვე მოვერიოთ და გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს ჩვენს ეკონომიკაში“ , – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.