მაია ცქიტიშვილი - ჩინეთის ვიზიტი საკმაოდ კარგი და კონკრეტული შედეგებით დასრულდა
ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. კმაყოფილი ვარ, რომ მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა ჩინეთის ევრაზიის ექსპოში, – ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ურუმჩიში.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ბატონ ჰუ ჩუნჰუასთან.
განხილული იყო სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გამახვილდა „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს როლზე.
შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო რკინიგზის, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ქსელის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს გავლით ევროპაში ჩინური ტვირთის ტრანსპორტირებისთვის და ე.წ. შუა დერეფნის უფრო აქტიურად გამოყენება.
როგორც ვიზიტის დასასრულს მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მიღწეულ იქნა შეთანხმება სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების თაობაზე.
„ეს ჯგუფები შეაფასებენ რა ხარვეზები არსებობს, რა პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ, როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მიმოსვლას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ურთიერთვაჭრობის გაღრმავებას და ინვესტიციების გაზრდას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ქსიანინგის ავტონომიის ლიდერთან და უმსხვილეს საინვესტიციო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე მაია ცქიტიშვილი სიტყვით გამოვიდა ჩინეთ-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.