მაია ცქიტიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ნიშანდობლივი აქცენტები დაისვა და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მნიშვნელოვანი აქცენტები დაისვა, მათ შორის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკაში მის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მაია ცქიტიშვილის თქმით, ის ელოდა, რომ ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხით და გეგმებით დაინტერესდებოდნენ, თუმცა, ინტერვიუს დროს პოლემიკამ დიდი დრო წაიღო.
„სამწუხაროდ, ეკა კვესიტაძესთან იყო პოლემიკა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან შემაწუხებელი იყო და არ მაძლევდა საშუალებას, მომესმინა ინტერვიუსთვის. იმედი მქონდა, რომ ჟურნალისტებს ექნებოდათ საფუძვლიანი ინტერესი ბევრ საკითხზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, კერძოდ, პოლიტიკაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე გეგმებზე, რომელზეც მან განაცხადა. ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ის გეგმები და ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომ უახლოეს მომავალში აქტიურად აპირებს დაუბრუნდეს პოლიტიკურ აქტივობას. ეს კითხვები უნდა ყოფილიყო ჟურნალისტებისთვის საინტერესო, მაგრამ სამწუხაროდ, პოლემიკამ წაიღო დრო“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ინტერვიუში ყველა კითხვას გაეცა პასუხი და საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა რეალური სურათი ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში ისმის.
„ინტერვიუში ძალიან ნიშანდობლივი იყო ის აქცენტები, რომელიც მან გააკეთა. ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა ამ ინტერვიუდან პასუხები გაეგო და არამხოლოდ კითხვები დაესვა და არ ეცდია რესპონდენტისთვის პასუხი, ვფიქრობ, თვალნათლივ იქნა დანახული რეალური სურათი ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გვესმის. იყო ძალიან არგუმენტირებული, ძალიან დამაჯერებელი და გულწრფელი, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ინტერვიუში ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავი იყო ყველასთვის, ვისაც სიმართლის გაგება სურდა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.