მაია ცქიტიშვილი - მჯერა, პარლამენტის უკვე განახლებულ გუნდთან გვექნება საშუალება, რომ ასევე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ყველა რეფორმის განხორციელებისთვის
ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ პარლამეტმა შეიძინოს და გააძლიეროს ის როლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. აუცილებელია, რომ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება პარლამენტმა სრულფასოვნად შეძლოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ ანგარიშს.
„ბატონი არჩილის ანგარიში ეხებოდა იმ გამოწვევებს და მიღწევებს, რომელსაც 2020 წლის განმავლობაში ერთად ვადევნებდით თვალყურს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ საკითხების ხაზგასმა, რაც წელს არის აქტუალური, ესაა -დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა.
ბუნებრივია, მთავრობა და პარლამენტი აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში ვმუშაობთ ამ სამივე პრიორიტეტის სრულფასოვან რეალიზაციაზე და მჯერა, პარლამენტის უკვე განახლებულ გუნდთან გვექნება საშუალება, რომ ასევე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ყველა რეფორმის განხორციელებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და 2024 წლისთვის ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადისთვის გვჭირდება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.