მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ჯერ ახალი ინვესტორი არ წარუდგენია
სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის, კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით, მე მგონი ეს საკითხი უკვე ამოწურულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ შეხვედრა ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებთან და მორიგი მსგავსი ფორმატის შეხვედრა აღარ გამართულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.
„რაც შეეხება გარანტიას, ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა საუბარი და არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის, კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით და მე მგონი ეს საკითხი უკვე ამოწურულია. ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ გვქონდა უკვე მსჯელობა და თითოეულმა თქვენგანმაც, ჟურნალისტებმა იცით ყველა დეტალი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, კონსორციუმს ჯერ ახალი ინვესტორი არ წარუდგენია.