მაია ცქიტიშვილი - 2021 წელს რეგიონებში 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება
განსაკუთრებით მინდა გამოვყო რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულება. 2020 წელს დავასრულეთ 20 ახალი სკოლის და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით წელს იწყება კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობა 31 ავარიული სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დავალებების მომზადება. ამ პროგრამის ფარგლებში კი, ეტაპობრივად, კიდევ 40-მდე სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1410 სკოლაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.