ლუკა ეხვაია - ჩინეთი გლობალურ სამხრეთში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, დასავლეთს ადრე შედარებით წვრილი პროექტები თუ ჰქონდა, დღეს ცდილობს, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს
ლუკა ეხვაია - ჩინეთი გლობალურ სამხრეთში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, დასავლეთს ადრე შედარებით წვრილი პროექტები თუ ჰქონდა, დღეს ცდილობს, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს

გლობალური სამხრეთი არის გეოგრაფიული რეგიონი, რომელსაც პერიფერიული გამოცდილება აერთიანებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.

„გლობალური სამხრეთი ეს არის ლათინური ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აზია და ხანდახან მოიხსენიებენ პოსტსაბჭოთა სივრცესაც. ეს არის გეოგრაფიული რეგიონი, რომელსაც პერიფერიული გამოცდილება აერთიანებს. ანუ, ეს ქვეყნები საუკუნეების მანძილზე იყვნენ კოლონიური დაქვემდებარების ქვეშ და დღესდღეობით მათდამი დასავლეთის და სინოცენტრული აზიის დამოკიდებულება დიამეტრულად განსხვავებულია. როგორ ურთიერთობს დღეს დასავლეთი გლობალურ სამხრეთთან? მისი ინსტრუმენტია ერთჯერადი პროგრამები და დაფინანსება, ხოლო ამის პარალელურად, ჩინეთი ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბოლო 20 წლის მანძილზე ჩინეთმა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე 350 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა. ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლეთი ხედავს, რომ ამის საპირწონე უნდა შექმნას და ევროკავშირში 2023 წელს წამოჭრეს ინიციატივა, რომელზეც მიდის მუშაობა დღესდღეობით, რომ 2027 წლამდე ამ ყველაფერზე საპასუხოდ ევროკავშირმა აფრიკის კონტინენტზე განახორციელოს 300 მილიარდის ინვესტიცია, რომელიც ამჯერად უკვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაიდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 70-იანი წლების შემდეგ, რაც დეკოლონიზაციის ტალღა დაიწყო, ევროპა, რეალურად, გამოთიშული იყო ამ მსხვილი პროექტების განხორციელებას და სტიმული მისცა სწორედ იმან, რომ ჩინეთმა დაიწყო ამგვარი პოლიტიკა და ამის საპირწონედ რაღაც უნდა შექმნილიყო“, – განაცხადა ეხვაიამ.

მისი თქმით, აფრიკამ შეძლო, კონტინენტზე ჩინეთის შემოყვანით გარკვეული გეოპოლიტიკური პარიტეტი შეექმნა იმგვარად, რომ დასავლეთს თავისი პოლიტიკა გადაახედინა და ეს არის გამოცდილება, საიდანაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ.

„ადრე დასავლეთი კონტინენტზე თუ შედარებით წვრილ პროექტებს ახორციელებდა, დღეს უკვე ცდილობს, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ანუ, აფრიკამ ეს რეალობა დააყენა და შეძლო, ამ ნიშნულამდე მისულიყო. აქ პრობლემა არის ის, რაც მედიააუთლეტებში მუსირებს და ხშირად ეს პროპაგანდა ძალიან ინტენსიურად მუშაობს, როდესაც ამბობენ, რომ ჩინეთი ე.წ. კრედიტის ხაფანგში ითრევს მთელ აფრიკის კონტინენტს, მაგრამ სიღრმეში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ ჩინეთი კონტინენტის 40-მდე ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს და აფრიკაში არის ერთადერთი ქვეყანა – ანგოლა, რომელსაც ჩინეთის ვალი 42 მილიარდი აქვს და ამ ვალის დაბრუნების რეალური პრობლემები უჩნდება. დანარჩენ ქვეყნებში ეს ვალი, დაახლოებით, 5-დან 7 მილიარდამდე მერყეობს. ანუ, ამის რეალური პრობლემა არ არსებობს და ეს არის გამოგონილი მითი, რითიც ჩინეთის დისკრედიტაცია ხდება“, – განაცხადა ეხვაიამ.

როგორც ლუკა ეხვაიამ აღნიშნა, გლობალური სამხრეთის, ამ რეგიონის დაფიქსირების მცდელობები სულ იყო და ეს ცივი ომის დროს დაიწყო.

„პირველი ასეთი სერიოზული პრეცედენტი იყო 1961 წელს, როდესაც შეიქმნა მიუპყრობლობის ბლოკი. ეს იყო ქვეყნები, რომლებსაც უნდოდათ, ორი პოლიტიკური ცენტრისგან, აშშ, სატელიტებთან ერთად და მეორე მხარეს – საბჭოთა კავშირი სატელიტებთან ერთად, გამიჯნული ყოფილიყვნენ. 1961 წელს ამ ინიციატივის ჩამოყალიბებაში საკმაოდ აქტიური როლი ითამაშა ინდოეთმა. შემდეგ შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ინდოეთი იმავე როლს ირგებს და ბოლო ორი წლის მანძილზე ინდოეთში სამი დიდი, მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა გლობალურ სამხრეთზე. ინდოეთი ცდილობს, კონსოლიდაცია მოახდინოს თავის ირგვლივ ამ გლობალური სამხრეთის და გარკვეული სიმძიმის ცენტრი შექმნას, თუმცა ინდოეთს არ აქვს ის ინსტიტუციური ბერკეტები, რაც „ბრიქსს“ აქვს, რომელიც დღესდღეობით გაცილებით ფუნქციური პლატფორმაა. მასში ჯერ მხოლოდ ათამდე ქვეყანაა გაერთიანებული, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ახალი აპლიკანტია და გაფართოებას წელსაც აპირებს. ამავდროულად, „ბრიქსის“ დღევანდელი შემადგენლობა მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს იტევს და „ბრიქსის“ ქვეყნებზე წარმოების, დაახლოებით, 35% მოდის“, – განაცხადა ეხვაიამ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარი მიდის გლობალურ სამხრეთზე, ხდება წარმოჩენა, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეა.

„უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა პალესტინა-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ დავინახეთ, რომ გაერო-ში სამჯერ იყო შეტანილი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე რეზოლუცია და სამივეჯერ გლობალურ სამხრეთს ჰქონდა მონოლითური პოზიცია. ყველამ პირდაპირ დაუჭირა მხარი ცეცხლის შეწყვეტას. უბრალოდ, კენჭისყრას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, ვინ არის გლობალური სამხრეთი, ვინ არის დასავლური ქვეყნები, რომელია ჰეგემონი ქვეყანა და მასთან მიახლოებული“, – განაცხადა ეხვაიამ.

ლუკა ეხვაიამ ასევე განაცხადა, რომ ამერიკულ ჰეგემონიურ პროექტს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ფინანსური ცენტრი აშშ-დან სინოცენტრულ სამყაროშია გადასული და ამ დაღმავალი ჰეგემონიის პარალელურად ჩნდება ახალი ძალაუფლების ცენტრები, რომლებიც ერთი საერთო მიზნის, მულტიპოლარული სამყაროს იდეის გარშემო ერთიანდებიან.