ლუკ კოფი - ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება
ლუკ კოფი - ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს MAP-ი არ სჭირდება

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის ლუკ კოფის განცხადებით, არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატო-სთან, რამდენიც საქართველოს. ამის შესახებ მიმომხილველმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ი არ სჭირდება – საქართველოს MAP-ი არ სჭირდება.

ლუკ კოფის თქმით, უკვე რამდენიმე წელია, საქართველო აჩვენებს, რომ ის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორია.

„ის მონაწილეობს ავღანეთის მისიაში, მანამდე მონაწილეობდა ერაყის მისიაში, მას წვლილი შეაქვს ტრანს-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო ასრულებს ნატო-ს მოთხოვნას თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ და საქართველო მდებარეობს გეო-სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

ბევრი ჩემი კოლეგის მსგავსად, ვინც ტრანს-ატლანტიკურ საკითხებზე მუშაობს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვღელავდით იმ ზოგიერთი გაცხადების გამო, რომელიც პრეზიდენტმა რუსეთზე და ნატო-ზე გააკეთა. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებმა. აქ გამოვყოფდი საქართველოსთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილებას, რასაც მე უკვე რამდენიმე წელია, ვემხრობი. ამ იდეას მხარდამჭერები ჰყავდა კონგრესში, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან“ – განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისივე თქმით, ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორ გზაზე არიან.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატო-სთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ, ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატო-ს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს. ამის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა“, – აღნიშნა კოფიმ და დასძინა, რომ საქართველო ნატო-სთან ყველაზე ახლოსაა.

მისივე განცხადებით, სანამ MAP-ის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია, ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

„ჩემი აზრით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან – MAP-თან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატო-ს ყოველი სამიტის წინ ქართველებს MAP-ის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატო-ს MAP-ის გარეშე შეუერთდა. სანამ MAP-ის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება MAP-ის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატო-ში გაწევრიანებას MAP-ი არ ჭირდება. თქვენ MAP-ი არ გჭირდებათ“, – აღნიშნა მიმომხილველმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდეს საქართველო ბრიუსელის სამიტისგან.

„ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რას ველოდოთ. ვისურვებდი, რუსეთის შესაჩერებლად ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, ვისურვებდი გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებას და მაკედონიის მიღებას, ასევე ვისურვებდი საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

კარგი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს. კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატოს ცენტრის გახსნა საქართველოში“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.