ლუგანსკის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ნევსკოეს ინტენსიურად ბომბავენ
ლუგანსკის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ნევსკოეს ინტენსიურად ბომბავენ

რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის სოფელ ნევსკოეს ინტენსიურად ბომბავენ. ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამის“ არხში წერს.

მისი ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ნევსკოეში ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

„რუსები მძლავრად ურტყამენ ნევსკოეს. სოფელში აღარც ერთი შენობაა მთელი, თუმცა იქ ამ დრომდე იმყოფება ასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები. დღეს იქ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, კიდევ ორი დაიჭრა მტრის ცეცხლის შედეგად“, – წერს გაიდაი.

სერგეი გაიდაის განცხადებით, ასევე ბრძოლა მიმდინარეობს სოფელ ნოვოსელოვსკოესთვის. აღნიშნული დასახლება მთლიანად განადგურებული და ცარიელია.

„უკანასკნელი ადგილობრივი მცხოვრები გასულ დღეებში რუსმა სნაიპერმა მოკლა“, – აღნიშნა ლუგანსკის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.