ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ინფორმაციით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.

სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, უკრაინის ძალებმა ლისიჩანსკში ორსართულიან შენობაზე მიიტანეს იერიში, სადაც საცხობი იყო.

ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის, ნატალია პაშენკოს ცნობით, დაღუპულთა შორის 18 მამაკაცი, ცხრა ქალი და ერთი ბავშვია. არიან დაშავებულებიც, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ლისიჩანსკი ფრონტის ხაზის მიმდებარედ მდებარეობს. რუსეთმა ლისიჩანსკი 2022 წლის ზაფხულში დაიკავა.