ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსული ძალები აკონტროლებენ
ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსული ძალები აკონტროლებენ, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ „სიენენს“ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა თუ წინააღმდეგობას არ გაუწევს, რუსეთი არ გაჩერდება და კიდევ უფრო წინ წაიწევს.
გაიდაის განცხადებით, ომის მეორე ფაზა დაიწყო, თუმცა ჯერ სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ხორციელდება. მისივე განცხადებით, რუსული ძალები ცდილობენ უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას და ბევრი ცუდი რამ ხდება, თუმცა, როგორც გაიდაი ამბობს, უკრაინელები წარმატებულად ანადგურებენ მათ აღჭურვილობებს.
როგორც ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, იბომბება მთლიანად ლუგანსკის რეგიონი, უსაფრთხო ქალაქი არ არსებობს და სწორედ ამიტომ, უკრაინული მხარე ცდილობს ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციას.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კიევის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში 70 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ბუნკერებსა და თავშესაფრებს აფარებენ თავს.
როგორც სერგეი გაიდაი აღნიშნავს, მათ სჭირდებათ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები და შორ რადიუსზე მოქმედი საარტილერიო სისტემა.