ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსისთვის მზადება თითქმის დასრულებულია. რიგით 75-ე დაჯიდლოების ცერემონიაზე 1500-მდე ადამიანია მიწვეული. სცენა, განათება, მასშტაბური დეკორაციები, წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული დაჯილდოებისთვის ყველაფერი მზადაა.
სასტუმრო “ბევერლი ჰილტონის” წინ წამყვანმა და ორგანიზატორმებმა 2018 წლის ჰოლივუდის დაჯილდოებების პირველი წითელი ხალიჩაც გაშალეს. ცერემონიას, რომელიც 7 იანვარს გაიმართება, წელს Late Night-ის წამყვანი სეთ მეიერსი წაიყვანს.
ოქროს გლობუსზე ყველაზე მეტი ნომინაცია გილერმო დელ ტოროს ფილმმა, ‘’წყლის ფორმა’’ დაიმსახურა. სურათის სიუჟეტი 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო, არაამქვეყნიურ არსებას აღმოაჩენს. ეს აღმოჩენა კი მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში “ოქროს გლობუსისთვის” სტივენ სპილბერგი, გილერმო დელ ტორო, რიდლი სკოტი, მარტინ მაკდონაჰი და კრისტოფერ ნოლანი იბრძოლებენ.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის “გლობუსის” მოპოვების შანსი აქვთ: მერილ სტრიპს, სალი ჰოუკინსს, ჯესიკა ჩესტეინს, ფრენსის მაკდორმანდსა და მიშელ უილიამსს.
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: გარი ოლდმანი, ტიმოტე ჩალამეტი, დენიელ დეი ლუისი, ტომ ჰენქსი და დენზელ უოშინგტონი.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის წელს იბრძოლებენ: “მომმართე შენი სახელით,” “ფოსტა,” “წყლის ფორმა,” “სამი ბილბორდი ებინგ, მისურის გარეთ” და “დანკირკი.