ლორა თორნტონი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს
ლორა თორნტონი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი საარჩევნო სისტემა შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს, – ამის შესახებ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარადგენდა მრავალი წლის განმავლობაში. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ სადამკვირვებლო მისიებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს ვაცხადებდით, თუ რომელი ტიპის სისტემა უნდა დაამტკიცოს საქართველომ, თუმცა ჩვენ ხელს ვუწყობთ პროცესს. ასე რომ, ჩვენთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი იყოს ღია, წარმოდგენილი იყო მრავალი ხმა, პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვა მოსაზრებები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული დაპირებები, რომ ასე იქნება და რომ ეს იქნება დინამიური და ღია პროცესი“, – აღნიშნა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, არ არსებობს რომელიმე ქვეყნისთვის სწორი ან არასწორი საარჩევნო სისტემა.

„მე ვმუშაობდი ქვეყნებში, სადაც მოქმედებდა მაჟორიტარული სისტემა. ვმუშოაბდი ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებდა პროპორციული ან შერეული სისტემა. ქართველების გადასაწყვეტია, თუ რომელი შეესაბამება პოლიტიკურ კონტექსტს. ასევე ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის ამომრჩევლებისთვის ახსნა, რომლებსაც, ვფიქრობ, არ ესმით ამ სისტემების ნიუანსები“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა კომენტარს გააკეთებდა მოსაზრებაზე, რომ პროპორციული სისტემით ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში სატელიტი პარტიების შეყვანას შეძლებს, ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ მასაც სმენია ამგვარი ჭორები.

„ჩემთვის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემას უფრო მეტად წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონდეს ხმის უფლება. როდესაც აუქმებ მაჟორიტარულ სისტემას ან არ გაქვს რეგიონული პროპორციული სისტემა, ზოგიერთი რაიონი ან ქვეყნის პატარა ნაწილები შესაძლოა, იყოს ნაკლებად წარმოდგენილი. საჭიროა მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარლამენტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდეს ოფისები, რომელთათვის მიმართვაც ხალხს შეეძლება“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციას დაესწრნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ დასწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.