ლონდონში ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებები დღეს ფორუმით „ნატო-ს ჩართულობა“ გაიხსნება
ლონდონი ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნისთვის ემზადება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. სამხედრო ბლოკის წევრი 29 სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობის ხელმძღვანელები და სამხედრო ლიდერები ორგანიზაციის საიუბილეო შეხვედრაზე სიმბოლურად ინგლისის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რადგან ნატო-ს პირველი სათავო ოფისი სწორედ ლონდონში იყო განთავსებული.
ალიანსის მიღწევები, მომავლის გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის ორგანიზაციის დაფინანსების წესი – ეს არის საკითხები, რომლებზეც ნატო-ს წევრები 4 დეკემბერს ლიდერების შეხვედრაზე იმსჯელებენ. 70 წლის საიუბილეო შეკრება ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში შედგება, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
4 დეკემბრის ლიდერების შეხვედრამდე კი დღეს ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება, რომელშიც, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად, ალიანსის პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს, გლობსეკის, ლონდონის კინგს კოლეჯის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და რუს-ის (Royal United Services Institute) მიერ არის ორგანიზებული.
დისკუსიები ნატო-ს მნიშვნელობაზე, ალიანსის მომავალზე, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ნატო-ს ეფექტური თავდაცვის მეთოდებსა და ინტერნეტის ეპოქაში დეზინფორმაციის გამკლავებაზე – ეს არის საკითხები, რომლებზეც ანალიტიკოსებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები იმსჯელებენ.
„ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე – უსაფრთხოება ნატო-ს წინა ხაზზე“ – ამ სახელწოდებით გამართულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებთან ერთად.
ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობენ პოლონეთის პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრები, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი და ნატო-ს გენერალური მდივანი.
ნატო-ში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ლონდონის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება თავდაცვის ხარჯებს დაეთმობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ლიდერთა შეხვედრა, რომელიც ეძღვნება ალიანსის დაარსების 70 წლის იუბილეს. მოგეხსენებათ, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის მთავარი აქცენტი თავდაცვის ხარჯების თანაბარ გადანაწილებას ეთმობა. როგორც გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის ხარჯების უპრეცედენტო ზრდაა. კანადა და ევროპელი მოკავშირეები დაახლოებით 4,6 პროცენტით ზრდიან ხარჯებს და 2016 წლის შემდეგ რეალურ ციფრებში ეს დაახლოებით 130 მილიონ ევროს შეადგენს“, – აღნიშნა ალექსანდრე მაისურაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში დაგეგმილი შეკრება არ არის სრულფასოვანი სამიტი, საქართველო მიწვეულია სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად.
„რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას, ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მოგეხსენებათ, ეს არის ლიდერთა შეხვედრა, ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, შესაბამისად, ფორმატები შეზღუდულია. თუმცა, ნატო-ს ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომლის დასახელებაა ნატო-ს ჩართულობა, მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ის მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ დისკუსიაში. აღსანიშნავია, რომ ეს განხილვა და დისკუსია დაეთმობა ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოებას და საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ჩართულები იქნებიან ლიეტუვის, ესტონეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები. ამასთანავე, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაპატიჟებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე, რომელსაც დაესწრებიან ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.