ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს აშშ-ში ექსტრადირების გასაჩივრების უფლება აქვს
ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს აშშ-ში ექსტრადირების გასაჩივრების უფლება აქვს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ჩათვალა, აშშ-ის პროკურატურის მიერ გაცემული გარანტიები, რომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის უფლებები დაცული იქნება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით, არასაკმარისია შეერთებულ შტატებში ექსტრადირებისთვის. ამრიგად, ასანჟს შეეძლება, აშშ-ის მხრიდან მისი ექსტრადირების მოთხოვნა გაასაჩივროს.
ლონდონის უმაღლეს სასამართლოსთან შეკრებილი ასანჟის მხარდამჭერები გადაწყვეტილებას ზეიმით შეხვდნენ. თავად 52 წლის ჯულიან ასანჟი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს არ ესწრებოდა. „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მან აშშ-ის ხელისუფლება დარღვევებში ამხილა, ხოლო აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ ჰაკერმა საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებით საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს.
ასანჟმა სამართლებრივი ბრძოლა 2010 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან. ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიცია დააკავებდა. აშშ-მა იმავე წელს ჯულიან ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა.