ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერის იგორ კოლომოისკის აქტივები დააყადაღა
ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერის იგორ კოლომოისკის აქტივები დააყადაღა

ლონდონის სასამართლომ უკრაინელი მილიარდერისა და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის აქტივები დააყადაღა.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, უმაღლესი სასამართლოს ვერდიქტი პრივატბანკის“ აქტივებს ეხება.

კოლომოისკის გარდა, დაყადაღებულია ბანკის კიდევ ერთი ყოფილი მფლობელის გენადი ბოგოლიუბოვის აქტივები.

საქმე ეხება 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას. როგორც ცნობილი ხდება, დაყადაღებულია კიდევ 6 კომპანიის ანგარიშები, რომლებიც კოლომოისკის ეკუთვნის.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, საქმე თავად „პრივატბანკის“ მიერ იყო ინიცირებული და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ კოლომოისკიმ და ბოგოლიუბოვმა „უკანონო ოპერაციების გზით ბანკიდან 2 მილიარდი დოლარი გაიტანეს“.

ეს თანხა ბანკის ორი ყოფილი მფლობელის კუთვნილი კომპანიების ანგარიშებზე აღმოაჩინეს.

თავად კოლომოისკი აცხადებს, რომ ანგარიშების გაყინვა დროებითი ზომაა და ის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე დარჩება ძალაში.