აშშ-მა იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა
აშშ-მა იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ კოლომოისკი სასანქციო სიაში დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მისი მუშაობისას კორუფციაში მონაწილეობისთვის შეიყვანეს. იგორ კოლომოისკი 2014-2015 წლებში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

აშშ-ის შავ სიაში მოხვდნენ უკრაინელი ოლიგარქის მეუღლე და ორი შვილიც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები ეხება კოლომოისკის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, მისი ამჟამინდელი მუდმივი მცდელობები, დააბრკოლოს დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები უკრაინაში, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნის მომავლისთვის. ამ ზომის მიღება ადასტურებს აშშ-ის მისწრაფებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროატლანტიკური გზისთვის გადამწყვეტ რეფორმებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და ასევე, მართლმსაჯულებაში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

შარშან, აგვისტოში აშშ-მა კოლომოისკი „პრივატბანკიდან“ მილიარდობით დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინელი ოლიგარქი აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც ათეთრებდა ფულს.