ლონდონის მერმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა
ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა ლონდონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ლონდონში შეკრებილი მოსახლეობა აშშ-ში, მინესოტას შტატში 46 წლის შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს.
„ლონდონის ყველა ასაკის, რასისა და წარმომავლობის მცხოვრებლებმა მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი გააერთიანა, რათა მშვიდობიანად ეთქვათ, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე თქვენთან ერთად ვდგავარ და ვიზიარებ თქვენს ტკივილსა და სიბრაზეს“, – განაცხადა სადიქ ხანმა.
ლონდონის მერმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია, ჯორჯ ფლოიდის სასტიკ მკვლელობას მდგრადი და გრძელვადიანი ცვლილებები მოჰყვეს. ხანმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და მათ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რისკებიც შეახსენა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.