მინეაპოლისისგან ჯორჯ ფლოიდის ოჯახი 27 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს
მინეაპოლისისგან ჯორჯ ფლოიდის ოჯახი 27 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

მინეაპოლისმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, რომელიც დაკავების დროს სამართალდამცველის სისასტიკეს ემსხვერპლა, 27 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. „ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება საქალაქო საბჭოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინასწარი გარიგება ოჯახთან შეთანხმებით შედგა.

ფლოიდის ოჯახმა ფედერალური სარჩელი ქალაქისა და იმ ოთხი სამართალდამცველის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც ფლოიდის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

ოჯახის მტკიცებით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასევე სამართალდამცველთა გაწვრთნის დროს დაშვებული გადაცდომებია.

მედიის ცნობით, საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ქალაქს შესაძლოა, ოჯახისთვის გაცილებით მეტი თანხის გადახდა დაკისრებოდა.