ჯორჯიის შტატში კონფედერატთა ძეგლების დამცველებსა და ანტირასისტებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში კონფედერატთა ძეგლების დამცველებსა და ანტირასისტული მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტოები „როიტერი“ და „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებენ.

შემთხვევა სთოუნ მაუნთინ პარკში მოხდა, რომელიც ცნობილია კონფედერაციის ლიდერების კლდეზე ნაკვეთი გამოსახულებებით.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის დროს ადგილზე რამდენიმე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.

დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ჯერ კიდევ პარასკევს, შტატის ხელისუფლებამ პარკი დახურა, რადგან კონფედერაციის მომხრეებმა 15 აგვისტოს პარკში საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ გასულ თვეში განაცხადეს. თუმცა აქციის ჩატარებაზე მათი განაცხადი ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა, აღნიშნულის მიზეზად კი, 2016 წელს ანალოგიურ ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობა დაასახელა.

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების ტალღა მოჰყვა, რა დროსაც, არაერთი ძეგლი ჩამოაგდეს ან დააზიანეს.