ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივას მამუკა ბახტაძე მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს  
ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივას მამუკა ბახტაძე მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს  

ლომბარდებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს. ამის შესახებ ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფინანსურ სექტორში არ უნდა არსებობდეს ასიმეტრული რეგულაცია, რომელიც სპეკულაციის საშუალებებს იძლევა.

„მომდევნო კვირას, სავარაუდოდ 25 მაისს გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც ფინანსთა სამინისტრო წარადგენს ახალ, ლომბარდებთან დაკავშირებულ ინიციატივას. ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს.  ფინანსურ სექტორში ყველა მოთამაშეზე, განურჩევლად იმისა, იურიდიული პირია თუ ფიზიკური, უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ინიციატივა შეეხება ზედა ზღვარის დაწესებას საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე ჯარიმებზე. ამასთან, დაწესდება შეზღუდვები ლომბარდების მიერ მისაღებ ქონებასთან დაკავშირებით.

„ეს შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას, რეგულაციას, რომ ასეთივე ჭერი დავაწესოთ ჯარიმებზე და კრედიტორმა ჯარიმები უნდა გათვალოს აუცილებლად გადასახდელი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული თანხიდან, რომელიც ხშირად იყო, მიუხედავად არსებული რეგულაციებისა.

ამასთან, ჩვენ გვექნება შეზღუდვები ე.წ. ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ ქონებებზე, რომლებიც ძირითადად ავტომობილები და უძრავი ქონებაა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.