დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, საქმის მასალების შესწავლისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი – ამის შესახებ ნათქვამია ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მირზა სუბელიანის, მისი შვილის – ა.ს-ს და მეუღლის დის შვილის – მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.
„მაგალითად, არ გამოიკვეთა მირზა სუბელიანი, მისი მობილური ტელეფონიდან არ იქნა ამოღებული სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხოლო მისი შვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება და ამოღება არ მოხდა; არ გამოიკვეთა მირზა სუბელიანის მეუღლე თეა კაკუბავა და მისი და ლელა კაკუბავა. არ გაიჩხრიკა მ.კ-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმელის ამოღება; გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა; არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელებულა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა. საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით; არ გაიჩხრიკა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი; დ.ღ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. ამგვარად, კომისიამ სისხლის სამართლის საქმეების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი) შესწავლის, ასევე მოწმეების, დაზარალებულების და ბრალდებულების გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული, მათ შორის – ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება კომისიამ გამოძიების ხარისხზე და საბოლოო შედეგებზე შესაძლო გავლენის კონტექსტში შეაფასა.
„წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებებათა გამოკვლების-შეფასების საფუძველზე, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას შესაძლოა, ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი და ის არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენად. კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, კომისიის უმთავრესი ამოცანა იყო დაედგინა, საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობამ-დაგვიანებით ჩატარებამ ხომ არ მოახდინა გავლენა გამოძიების საბოლოო შედეგებზე ან ხომ არ იყო აღნიშნული განპირობებული ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენით. ასევე, კომისიის უმთავრესი ამოცანა იყო, დაედგინა საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობით-დაგვიანებით ჩატარებით ხომ არ შეეშალა რაიმე ფორმით ხელი მართლსაჯულების განხორციელებას. ამასთან, ამა თუ იმ მოქმედების ან უმოქმედებოს გამო, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობისას, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოქმედებას-უმოქმედობასა და დამდგარ ან დასადგომ შედეგს შორის. ამასთანავე, კომისია ითვალისწინებს, რომ გამოძიებისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი სტანდარტული წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. რამდენადაც დანაშაულის ჩადენის მოტივის და მისი ჩამდენი პირების შესახებ ვერსიები გამოძიების მიმდინარე პროცესში წარმოიშობა და ვითარდება, დღევანდელი პრაქტიკის და საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში, გამომძიებელი-პროკურორი სწორედ მიმდინარე პროცესში, ფაქტების თავისებურებების გათვალისწინებით იღებს ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას; კერძოდ, ამა თუ იმ ვერსიის ირგვლივ მუშაობის გაგრძელების და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების შესაბამისი თანმიმდევრობით ჩატარება-არჩატარების შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა შემდეგ ორ საკითხზე, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება განპირობებული იყო: გამოძიებაზე შესაძლო გავლენით ან სამოხელეო დანაშაულის ჩადენით; ასევე გამოძიების პროცესის მართვის ხარვეზით და კომპლექსური საქმის კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდულ ვადებში წარმართვით.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კითხვები საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობასთან-დაგვიანებით ჩატარებასთან დაკავშირებით, კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა არსებითი გავლენა ვერ მოახდინა გამოძიების საბოლოო შედეგზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ასევე დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობა-დაგვიანებით ჩატარება არ არის ვინმეს მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ან განზრახი ქმედების შედეგი. კომისიის მხრიდან, ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებასა და გამოძიების შესაძლო საბოლოო შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირისა და განზრახვის დადგენის გარეშე, დასკვნის გაკეთება, რომ გამოძიებაზე ვინმემ გავლენა მოახდინა, სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის რეპუტაციას, არამედ, ზოგადად, საგამოძიებო სისტემას და ქვეყანაში ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამგვარი კავშირის და განზრახვის დადასტურების გარეშე, პირის ბრალეულობაზე დასკვნის გაკეთება, შექმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან შეუთავსებელ პრეცედენტს და საფუძველს ჩაუყრის ყველა აუცილებელი პირობის (ამ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის და განზრახვის) გარეშე სამართალდარღვევის ჩადენაში პირთა დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას.
კომისია ვერ გააკეთებს დასკვნებს შესაძლო ეჭვებზე დაყრდნობით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის მირზა სუბელიანი, მისი სამი ნათესავი და არაერთი სხვა პირი ბრალდებულია, გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ჯერ არ დასრულებულა და სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული, კომისიას უჩნდება კითხვები არსებული საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობაზე. არსებული სისტემის პირობებში ვერ დგინდება გამოძიებაზე (მის დაგეგმვაზე, მიმართულების განსაზღვრაზე და ა.შ.) პასუხისმგებელი კონკრეტული სუბიექტი და ასევე მკაფიოდ ვერ იმიჯნება ერთმანეთისგან საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომისია მიიჩნევს, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა-დაგვიანებით ჩატარება, მცირე საგამოძიებო ვადის და არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის შედეგია. ასეთი სისტემა კი, საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო თვალსაზრისით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანა წინასასამართლო სხდომის გამართვის ვადასთან დაკავშირებით. დღევანდელი კანონმდებლობა არ იძლევა დასახელებული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას მაშინაც კი, როდესაც საქმე კომპლექსურია და ვადის გაგრძელება ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. კომისია პოზიტიურად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში სრულწლოვანთა პროცესისაგან განსხვავებული ვადის დადგენას, თუმცა, დასაბუთებული პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული ვადის გაგრძელება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სასამართლო კონტროლის გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია რამდენიმე რეკომენდაციასაც გასცემს.
„უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლებითაც შესაძლებელი გახდება გამოძიებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის და გამომძიებელთა პასუხისმგებლობის გაზრდა; უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელი გახდება არასრულწლოვანთა საპატიმრო საქმეებზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება; შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები“, – ნათქვამია უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.