ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ფრაქციას სრული მობილიზაცია ექნება და პარლამენტში ბუბა კიკაბიძე და ლევან ვარშალომიძეც მივლენ
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ფრაქციას სრული მობილიზაცია ექნება და პარლამენტში ბუბა კიკაბიძე და ლევან ვარშალომიძეც მივლენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ფრაქციას სრული მობილიზაცია ექნება და საკანონმდებლო ორგანოში ბუბა კიკაბიძე და ლევან ვარშალომიძეც მივლენ.

როგორც ჟურნალისტებს დეკანოიძემ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, დაადგინოს – მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობის ყველა ის შესაძლო ფაქტი, რომელიც მოხდა და საზოგადოებამ იხილა.

„მთავარი შედეგიც და მიზანიც უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი საჯაროობა და რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფოს და ხელისუფლების სახელით, მათ შორის პენიტენციური სისტემა იქნება, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას ყველანაირად წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ეს იქნება პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც რეალურად დაადგენს ყველა იმ დანაშაულისა და პასუხისმგებლობების ნუსხას, რომელიც ჩადენილი აქვს სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

უმრავლესობას ვეტყოდი, რომ კომისია შევქმნათ. კომისიამ უნდა დაადგინოს, რა იყო ღირსებაშემლახავი და არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ყველამ იხილა კადრები, ჩემი მოგონილი არ არის. ყველაფერი რუტინულად არის შესასწავლი და ამაში არაფერია პოპულისტური. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ პროცედურულ ომს გამოაცხადებს და გადაწყვეტს, რომ კომისიის შემადგენლობაზე ზეწოლა მოახდინოს. მაშინ ჩავთვლით, რომ კომისიის შექმნა და სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობის ფაქტების გასაჯაროება არ უნდა „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ კომისიის შექმნის სანაცვლოდ, „გირჩი“ კონკრეტულ პირობებს დააყენებს.

„რაც შეეხება „გირჩს“, იაგო ხვიჩიასთან საუბარი მქონდა. ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან, მათ შორის „გირჩთან“ თანამშრომლობა მინდა პარლამენტში, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის გამო, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციაში ცივილური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. პირადად მე, არასოდეს ჩამითვლია, რომ იაგო ან სხვა „გირჩიდან“ „ქართულ ოცნებასთან“ ღიად თანამშრომლობს. ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერც მექნებოდა და არც მაქვს. ყოველთვის იარლიყების მიწებების წინააღმდეგი ვართ. თუ მათ ჩვენი თანამშრომლობა დასჭირდებათ, მათთან ვითანამშრომლებ. წინასწარი კონსულტაციები პოზიტიური იყო, კიდევ მექნება საუბარი და თუ ისინი ხმას მოგვცემენ, კომისიის შექმნისთვის 50 ხმა გროვდება. ფრაქციას საგამოძიებო კომისიისთვის სრული მობილიზაცია დასჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.