მარიამ ჯაში - სამთავრობო გუნდში გარკვეული ცვლილებები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების შედეგია
მარიამ ჯაში - სამთავრობო გუნდში გარკვეული ცვლილებები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების შედეგია

სამთავრობო გუნდის დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და მამუკა ბახტაძე ახალ შემადგენლობას ორ დღეში წარადგენს,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, გარკვეული ცვლილებების შესახებ მისთვის ცნობილია, თუმცა დეპუტატი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მინდა დავადასტურო, რომ სამთავრობო გუნდის დასახელება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი და ექსკლუზიური პრეროგატივაა. ბუნებრივია, ჩვენთვის გარკვეული ცვლილებები ცნობილია, მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების შედეგია და ორ დღეში მამუკა ბახტაძე სამთავრობო გუნდის იმ ახალ შემადგენლობას წარადგენს, რომელსც ჩვენ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება განათლების მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, მარიამ ჯაში კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობს. დეპუტატს ამ თანამდებობაზე გია მურღულიას, ასევე მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურებზე კითხეს. როგოც ჯაშმა მურღულიასთან დაკავშირებით აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის და ვერ დაადასტურებს. რაც შეეხება ბატიაშვილს, ჯაში ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ის დარწუნებულია, სამინისტროებს კომპეტენტური ხელმძღვანელები ეყოლება.

„მინდა იმ პრეროგატივის პატივისცემა გთხოვოთ, რომელიც პრემიერ-მინისტრს სამთავრობო გუნდის დასახელების კუთხით ეკუთვნის. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელები გვეყოლება, როგორც გაერთიანებული სამინისტროების, ასევე იმ სამინისტროების, რომელსაც საკადრო ცვლილებები შეეხება“, – განაცხადა ჯაშმა და აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადებამდე, საბოლოო კონსულტაციები გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება.