მამუკა ბახტაძე - რწმუნებულებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს
მამუკა ბახტაძე - რწმუნებულებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს

რწმუნებულებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოს შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა.

მისი თქმით, ახალ გუბერნატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია ქვეყანას მოახმარონ.

„მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი  რეგიონების თანაბარი და ინკლუზიური განვითარება გახლავთ. სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას  ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მათ გადასაჭრელად ცალკეული პროექტების განხორციელება საკმარისი არ არის. გეგმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და დავისახეთ რეგიონების განვითარებისთვის, შეუფერხებლად და სრულყოფილად უნდა განხორციელდეს, რაც მთავარია, ძალიან მაღალი დონის დისციპლინით.

რწმუნებულებს ეკისრებათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ადამიანებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამასთან ერთად, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ შევქმნათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებასთან კომუნიკაციისა, რომელიც დაგვეხმარება, გვქონდეს პირდაპირი კავშირი ჩვენს მოსახლეობასთან და ამასთან ერთად, მივიღოთ უკუკავშირი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს თითოეულ სოფელში, რომ გვქონდეს უკეთესი საშუალება მოვახდინოთ მათზე ოპერატიული რეაგირება. შესაბამისად, ჩვენ მიერ შერჩეულ ადამიანებს, დღეს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ჩვენს ერსა და ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს საქართველოს შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა. ამასთან, მისი თქმით, საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებსაც შეეხებათ.