მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის შესახებ გვაფრთხილებდნენ დონორი და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, განსაკუთრებით, წინა მთავრობას
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობის შესახებ გვაფრთხილებდნენ დონორი და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, განსაკუთრებით, წინა მთავრობას

ჭარბვალიანობა ჩვენთვის სისტემური რისკი გახდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჭარბვალიანობას ეხებოდა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში დაახლოებით 630 ათასი მოქალაქეა, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ბუნებრივია, ამ გამოწვევას სჭირდება ღირსეული გამკლავება. ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივები, ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას, ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ, შევამციროთ ჭარბვალიანობის დონე ეკონომიკაში და ზოგადად, როგორც სისტემური რისკი აღმოვფხვრათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განმარტა, მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 და ხშირ შემთხვევაში, 40 პროცენტს სესხების მომსახურებაზე ხარჯავს, რაც მიუღებელია  და ეკონომიკაში მძიმე ეფექტებს იწვევს, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭარბვალიანობის წარმოშობას აქვს რამდენიმე მიზეზი, საიდანაც ერთ-ერთი მთავარი ასიმეტრიული რეგულაციაა.

„ფაქტიურად, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა დარჩენილი, სადაც ასიმეტრიული რეგულაცია არსებობდა. ბანკების რეგულაცია იყო განსხვავებული, არასაბანკო სექტორის განსხვავებული ან საერთოდ არ არსებობდა. ეს იწვევდა ე.წ. ასიმეტრიულ რეგულაციას, რამაც შექმნა უზარმაზარი პრობლემები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, საბაზრო ეკონომიკის სწორი ფუნქციონირების არსი სწორედ იმაშია, რომ თამაშის წესები ყველასთვის საერთო უნდა იყოს.

„თუ თამაშის წესები ვინმესთვის არის პრივილეგირებული, ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს, ჩვენს შემთხვევაში, ჭარბავლიანობა არის ამის საუკეთესო მაგალითი. ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ დონორი და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის, განსაკუთრებით წინა მთავრობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ დღეს დეპუტატებს მთავრობის განახლებული პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, ამჟამად კი, პარლამენტის წევრთა შეკითხვებს პასუხობს. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.