ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ახალ ინიციატივებს მოამზადებს
ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ახალ ინიციატივებს მოამზადებს

ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი რეგულაციების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომელიც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით სექტემბერში ახალი რეგულაციების ამოქმედებას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას.

„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯი, რომ ჩვენ დავამკვიდროთ სამართლიანი ეკონომიკური წესები. საზოგადოებამ იცის ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ, რომ უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას. ჩვენ მივიღეთ ჭარბვალიანობა, როგორც პრინციპული პრობლემა, რომელიც მომავალში შეიძლება, სისტემურ პრობლემად გადაიქცეს. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობამ შეიმუშავა და ძალაში შევიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვნად გამოასწორებს ამ სექტორში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ახალ ინიციატივებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით აუცილებლად შევიმუშავებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.