ლია გიგაური - არასრულწლოვნების დანაშაულის შესამცირებლად შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საკოორდინაციო მექანიზმი უნდა გააქტიურდეს 
ლია გიგაური - არასრულწლოვნების დანაშაულის შესამცირებლად შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საკოორდინაციო მექანიზმი უნდა გააქტიურდეს 

არასრულწლოვანთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილება ვერ მოაგვარებს პრობლემას, რომელიც არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის გახშირებას უკავშირდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა, არასრულწლოვნების მხრიდან გახშირებულ დანაშაულებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების საჭიროების შესახებ კითხვის პასუხად.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად პრევენციული ნაბიჯებია საჭირო.

„პრობლემას უწყებებს შორის კოორდინაციის არქონაში ვხედავ და არა იმაში, სად გადის ასაკობრივი ზღვარი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რამდენად არის პრობლემა გააზრებული და რა ღონისძიებები ტარდება.

„არ ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანთა ასაკობრივი ზღვარის აწევა ან დაწევა ამ პრობლემას მოაგვარებს. მთავარია, პრევენციისთვის რას ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ იყოს, გაცნობიერებული რამდენად გვაქვს პრობლემა და რა ღონისძიებებს ვატარებთ. ნებისმიერ ასაკობრივ ზღვარზე შესაძლებელია, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის გააქტიურება.  პრობლემას ვხედავ არა იმ ნაწილში, თუ სად გადის ეს ასაკობრივი ზღვარი, არამედ რას ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მისი თქმით, თითოეული მოსწავლე ინფორმირებული უნდა იყოს როგორც კანონთან, ისე ვალდებულებებთან და უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, უნდა იცოდეს, რას მოიტანს მისი  ქმედება.

„ასევე, კარგად გაიაზროს, რომ განსაკუთრებით ძალადობასთან დაკავშირებით, მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს სხვა ადამიანისთვის როგორი შედეგი მოაქვს და თანაგრძნობის განცდა ჰქონდეს. პრობლემის მთელი სიმძიმე, ასევე თანმდევი შედეგები და რისკები გააზრებული ჰქონდეს. ადრეული ინტერვენცია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მექანიზმია. ადრეული ინტერვენცია ცნობიერების ამაღლებასაც ნიშნავს“, – აცხადებს გიგაური.

ამასთან, მისი თქმით, არასრულწლოვნებში დანაშაულის მაჩვენებლის შესამცირებლად შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და საკოორდინაციო მექანიზმი უნდა გააქტიურდეს.

„ერთ-ერთი მიმართულება საკოორდინაციო მექანიზმების გააქტიურებაა. თუ ბავშვი სკოლის შემდეგ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადის, სკოლამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პრობლემა გაიაზროს და მოსწავლეს დახმარება გაუწიოს. ანალოგიურად, თუ სკოლაში ჩადის შიდაგანაწესის საწინააღმდეგო ქმედებებს, შესაბამისი სტრუქტურები საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ, რომ ერთიანი მიდგომა იყოს. ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ფრაგმენტულ მიდგომაში გახლავთ, როცა პროცესებს ყველა მხოლოდ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მართავს, კოორდინაციის არქონა მთელი სურათის დანახვის პრობლემას იწვევს“, – განმარტავს ლია გიგაური.