არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მამაკაცს, რომელიც 13 წლის არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თავად მამაკაცი ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

გამოძიება მამაკაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციითვე, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ (მამის ძმა) გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.

კაცს, რომელმაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დაჭრა, 20 იანვარს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.