ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთი გამოწვევაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთი გამოწვევაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასრულწლოვნების მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ძარცვის მიზნით თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განმარტა, აღნიშნულ თავდასხმებში მონაწილე არასრულწლოვნების 93% არ არის საქართველოს მოქალაქე, აღნიშნული პირები ე.წ. მწვანე საზღვრის გავლით აღწევენ საქართველოში, რის შემდეგაც მათ მიმართ ხორციელდება შესაბამისი პროცედურები. მინისტრმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. არაერთი ფაქტი მოხდა, ნამდვილად გეთანხმებით, ზაფხულში, საკურორტო სეზონის დროს, ბათუმშიც იყო რამდენიმე ფაქტი უცხოეთის მოქალაქეების საფულის გატაცება, ასევე, თავდასხმა ბავშვების. არასრულწლოვნები არიან დაახლოებით 7-8 წლიდან 12 წლამდე. 93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა, არც პასპორტი აქვთ, არც სახელი და გვარია ცნობილი. მათ უკან ვერ გავუშვებთ და გადმოგვყავს მიგრაციის სამსახურში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პატარები არიან წლოვანებით, დიდხანს ვერ ვაჩერებთ. ვიწყებთ მოკვლევას, უმეტეს შემთხვევაში, არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსული. ხშირად უკან ვაბრუნებთ და ისევ დრო რომ გადის, უკან ბრუნდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავისუფლად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ: ეს არის ფულის თხოვნა თუ სხვადასხვა დანაშაული. ამაზე ვმუშაობთ, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, გერმანული პროექტი. ალბათ პარლამენტშიც შემოიტანენ. ერთობლივად ვმუშაობთ თითქმის ერთი წელია, ამ მიმართულებით. ეს საფრანგეთშიც იყო და გერმანიაშიც. გერმანიის გამოცდილება ავარჩიეთ. ასევე, ჩართულია განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვადასხვა სამსახური და ამ პრობლემას, იმედია, მიეხედება. მე ვამბობ, რომ ეს გამოწვევა ნამდვილად და ნამდვილი პრობლემაა. ერთი მეორეს უყოფს თანხას, იყო შემთხვევები, როდესაც ქალაქში მანქანებს უდგებიან, არ იწევიან და იქმნება საცობი. ამის გამო ბევრი უკმაყოფილება წამოვიდა მოქალაქეების მხრიდან. თუმცა, იგივე უკმაყოფილება წამოვიდა, როცა პატრული, პოლიცია მანქანაში სვამდა, გამოსწიეს ეს ბავშვები, აგრესიული არიან, სამწუხაროდ, გადაიღეს მობილურებით და სოციალურ ქსელებში იყო ატვირთული, რომ „ხედავ, პოლიცია რას უშვრება ბავშვებს?! აი, რა ხდება“. ამ ორ ცეცხლს შუა ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული პრობლემაა ნამდვილად, გეთანხმებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.